Loading...

ვაქცინა გვიცავს!

#გავუფრთხილდეთერთმანეთს

სულ აცრილია

245 380
Loading...

დარჩენილი ადგილები

ოფიციალური გვერდები

ხშირად დასმული კითხვები

ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, მძიმე ავადობისა და სიკვდილობის რისკებს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდეგ შესაძლოა არ ჩამოყალიბდეს სათანადო იმუნური პასუხი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.

პანდემიის შესაჩერებლად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება - ნიღბის ტარება, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რეკორდულად მცირე დროში შექმნილი უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობისა და დიდი ინვესტიციების შედეგია, და ისინი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება ხდება მხოლოდ კლინიკური კვლევების საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ.

ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია სხვადასხვა  ალერგენზე - მაგ., პენიცილინზე ან მიწის თხილზე (არაქისი), კრაზანის ნაკბენზე და ა.შ., ასევე ალერგიული რეაქცია შესაძლებელია განვითარდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინებზეც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად,  ექიმი დეტალურად აფასებს პაციენტის ანამნეზს იმის დასადგენად, აქვს თუ არა პაციენტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი. იმუნიზაციის პროვაიდერი კლინიკის სამედიცინო პერსონალი სათანადოდაა მომზადებული, რომ დროულად ამოიცნონ მძიმე ალერგიული რეაქციები და მიიღონ გადაუდებელი ზომები ასეთი რეაქციების სამკურნალოდ. 

ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს სრულყოფილად მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონდათ თუ არა ადრე რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მდგომარეობა ადრენალინის/ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა. 

მძიმე მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, იშვიათად და მყისიერად ვითარდება და შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია. 

სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მოგვიანებითი ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

პფაიზერ-ბიონტექის მ-რნმ ვაქცინა (Pfizer-BionTech)

  • 18 წელზე უმცროსი ასაკი;
  • ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე განსაკუთრებით პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე;
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება;
  • ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.
  • COVID-19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე (120 დღე);
  • COVID-19-ის  გადატანილ პირებში მონოკლონური ანტისხეულებით ან რეკონვალესცენტის პლაზმით ჩატარებული მკურნალობა - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებიდან სულ ცოტა 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით;
  • ნებისმიერ სხვა აცრასა  და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.  

 

ასტრაზენეკას ვექტორული ვაქცინა (AstraZeneca)

  • 45 წელზე უმცროსი ასაკი;
  • ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე;
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება;
  • ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2);
  • გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო  COVID-19-ის  ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, ასტრაზენეკას ვაქცინით მეორე დოზა არ კეთდება;
  • ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.
  • COVID-19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე (120 დღე);
  • ნებისმიერ სხვა აცრასა  და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს; გამონაკლისია ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე;
  • კაპილარული  გაჟონვის სინდრომის - CLS მქონე პირებში.

 

სინოფარმის ინაქტივირებული ვაქცინა (Sinopharm)

  • 18 წელზე უმცროსი ასაკი;
  • ალერგიული რეაქცია ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე;
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება. ასევე, აცრა არ კეთდება, თუ პირველი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან;
  • ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა);
  • არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება და ისტორიაში გიენ-ბარეს სინდრომი;
  • სერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს ნებისმიერ დროს;
  • ორსულობა;
  • ძუძუთი კვება;
  • ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე;
  • COVID-19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე (120 დღე);
  • იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID – 19-ის საწინააღმდეგო  აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით;
  • ნებისმიერ სხვა აცრასა  და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს; გამონაკლისია ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო  პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.  

 

სინოვაკის ინაქტივირებული ვაქცინა (Sinovac)

  • 18 წელზე უმცროსი ასაკი;
  • ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება;
  • ორსულობა;
  • ძუძუთი კვება;
  • ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება;
  • COVID - 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე (120 დღე);
  • იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID – 19-ის საწინააღმდეგო  აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით;
  • ნებისმიერ სხვა აცრასა  და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს.  გამონაკლისია ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ძირითადი მიზანია შეამციროს ვირუსით გამოწვეული ავადობა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა, რაც დასტურდება კვლევებით.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და საქართველოში გამოყენებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები - პფაიზერ-ბიონტექი, ოქსფორდ ასტრაზენეკა,  სინოფარმი და სინოვაკი თითქმის 100%-ით იცავენ ადამიანს COVID-19-ის დაავადების მძიმე ფორმის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან. რაც შეეხება დაავადების სიმპტომური ფორმით გამოვლინების პრევენციას, ის ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია და ემყარება III ფაზის კვლევებს, რაც აღწერილია თითოეული ვაქცინის ანოტაციაში. სხვადასხვა ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი კლინიკური კვლევებისა  და ვაქცინაციის დანერგვის მონაცემების  მიხედვით  50% - 95% -მდე მერყეობს. 

ასევე, მსოფლიოს მასშტაბით მატულობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინები იცავს არა მარტო  ინფიცირებისგან, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან, არამედ ისინი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებენ ვირუსის სხვა ადამიანებზე გადაცემის შანსს.

როგორც COVID-19, ისე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ; მეორე მხრივ, კარგადაა ცნობილი, რომ COVID-19-მა მსოფლიოში უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია.

ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხო არჩევანია!

 

ვაქცინაციას შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალურია და მიანიშნებს, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღებას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, შეწითლება ინექციის ადგილზე), დაღლილობა,შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია).

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ვაქცინამ ან მედიკამენტმა, შესაძლოა, გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. თუმცა, ეს მოვლენები ზოგადად მსუბუქი და დროებითია და ხშირ შემთხვევაში ვაქცინაციიდან სამი დღის განმავლობაში იჩენს თავს. თუმცა, თუ სიმპტომები გაგიგრძელდათ და თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 1522-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ncdc.ge

COVID-19-ის ინფექციის გადატანის მიუხედავად, ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია, ვინაიდან ამ ეტაპზე მეცნიერებისათვის უცნობია დაავადების გადატანიდან რა პერიოდით ნარჩუნდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ამჟამად ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება უსაფრთხოა მათთვის, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19-ის ინფექცია. ვაქცინაციის შეთავაზება ხდება მიუხედავად იმისა, დაავადება იყო სიმპტომური თუ უსიმპტომო. ვაქცინაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არ არის აუცილებელი ვირუსზე ტესტირება მწვავე ინფექციის დიაგნოსტიკის ან სეროლოგიური გამოკვლევა გადატანილი ინფექციის დადგენის მიზნით.

საზოგადოებაში დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია COVID-19-ის დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტებში ვაქცინაცია გადაიდოს მანამ, სანამ ადამიანი არ გამოჯანმრთელდება მწვავე დაავადებისაგან (თუ ადამიანს ჰქონდა სიმპტომები) და არ დაკმაყოფილდება იზოლირების შეწყვეტის კრიტერიუმები. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთაც ინფექცია დაუდასტურდათ ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე ან ვაქცინის პირველ და მეორე დოზის შორის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციასა და ვაქცინაციას შორის არ არის რეკომენდებული მინიმალური ინტერვალი, ამჟამინდელი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19-ის რეინფექციის რისკი დაბალია ინფექციის შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე, მაგრამ დროთა განმავლობაში რისკი შეიძლება გაიზარდოს იმუნიტეტის დაქვეითების გამო. საქართველოში დაყოვნების პერიოდი იმ პირებისათვის, რომელთაც ტესტირებით დაუდასტურდათ ინფექცია, განისაზღვრა 120 დღით.

ამ ეტაპზე ორსულებში და ბავშვებში არ არსებობს საკმარისი კვლევები და მტკიცებულებები ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ.

ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება არ მოხდეს ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორსული ქალის ვაქცინაციის სარგებელი გადაწონის ვაქცინის პოტენციურ რისკებს, -  მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკებში, რომლებიც COVID-19-ის ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან და თანმხლები დაავადებების მქონე ორსულ ქალებში, რომლებიც COVID-19-ის მძიმედ მიმდინარეობის მაღალ რისკჯგუფში არიან. ორსულებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია და ჩაუტარდეთ კონსულტაცია (თუ ეს შესაძლებელია), უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემების სიმწირის შესახებ.

ზოგადად, არსებული მტკიცებულებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ვაქცინაციისათვის  წინასწარი  მედიკამენტოზური მომზადება (მაგალითად, წინასწარ  ანტიჰისტამინური ან რაიმე სხვა პრეპარატების მიღება) და არც სპეციალური გამოკვლევა საჭირო არ არის. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.